top of page

ჰიდროპოტენციალის ათვისების დასაჩქარებლად IHA ორ ახალ ინიციატივას წარადგენს



გაეროს ორგანიზებითა და ეგიდით, ეგვიპტეში კლიმატის ცვლილების შესახებ რიგით 27-ე მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია #COP27 მიმდინარეობს.


11-დღიან ღონისძიებაზე მსოფლიოს 200 ქვეყნის ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა რეალური და ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.

ღონისძიების მე-9 დღე (15 ნოემბერი) ენერგეტიკას მიეძღვნება.


კონფერენციაზე “ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის” (IHA) მთავარი გზავნილი ჰიდროენერგეტიკის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა იქნება.


როგორც IHA აცხადებს, ელექტროენერგიის განახლებად წყაროებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, პოლიტიკოსებმა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა მხარი უნდა დაუჭირონ მდგრადი ჰიდროენერგეტიკის განვითარებას, რაც სამ მკაფიო მოქმედებას მოითხოვს:


  1. აისახოს ჰიდროელექტროსადგურების, როგორც სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდამჭერის, ასევე, როგორც ელექტროენერგიის სტაბილური მიმწოდებლის როლი ნულოვანი ემისიების სტრატეგიებში;

  2. სტიმულირდეს ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელება ფინანსური მექანიზმებისა და გამარტივებული ლიცენზირების გზით;

  3. ინტეგრირდეს მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკა სახელმწიფო რეგულაციებში.


IHA აღნიშნავს, რომ ახალი მდგრადი ჰიდროელექტროსადგურების დაგეგმვისა და შეთანხმების კვალდაკვალ, რაც ხანგრძლივი პროცესია, შესაძლებელია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა ჰიდრომააკულირებელი სადგურების განვითარებით და უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, ან ჰიბრიდიზაციის გზით, - მაგალითად მოტივტივე მზის პანელების დამონტაჟებით და არაენერგეტიკული კაშხლების ათვისებით.


კონფერენციაზე ასოციაცია ორ მნიშვნელოვან ინიციატივას წარადგენს:


პირველი ინიციატივა კლიმატის საბჭოს ჩამოყალიბების დაგეგმვას ეხება. ინიციატივას IHA, მწვანე წყალბადის ორგანიზაციასთან და ქარისა და მზის ენერგიის გლობალურ საბჭოებთან ერთად წარადგენს. ინიციატივა მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიებისა და წყალბადის პროექტების დაგეგმარებისა და დამტკიცების დაჩქარებას, რაც უმნიშვნელოვანესია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. მის ფარგლებში ჩამოყალიბდება რეკომენდაციები, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეას 2023 წლის სექტემბერში წარედგინება.


აღნიშნულთან დაკავშირებით, IHA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ედი რიჩიმ განაცხადა: „როგორც IEA და IRENA აღნიშნავენ, 2050 წლისთვის გვჭირდება გლობალური ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრის გაორმაგება, იმისათვის რომ მივაღწიოთ ნულოვანი ემისიების მაჩვენებელს. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია მაშინ, როცა პროექტების დამტკიცებას ხუთ წელზე მეტი სჭირდება.


მეორე ინიციატივა განახლებადი ენერგიის გლობალური ალიანსის შექმნას გულისხმობს. 15 ნოემბერს IHA ხელს მოაწერს ურთიერთგაგების მემორანდუმს ქარისა და მზის გლობალურ საბჭოებთან, გეოთერმული ენერგიის საერთაშორისო ასოციაციასთან, ენერგიის გრძელვადიანი შენახვის საბჭოსთან და მწვანე წყალბადის ორგანიზაციასთან. ეს იქნება განახლებადი ენერგიის გლობალური ალიანსი, რომელიც ერთობლივად, მეტი ძალისხმევით დაუჭერს მხარს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას.


"განახლებადი ენერგიის მასშტაბური განვითარების ამბიციის დასაკმაყოფილებლად, მზისა და ქარის ენერგიის გაზრდას დასჭირდება მუდმივი ენერგიის წყაროს მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალი იქნება ელექტროენერგიის გათიშვა და ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლა, ან იძულებულები ვიქნებით დავუბრუნდეთ წიაღისეულ საწვავს,” - აღნიშნა ედი რიჩიმ.


კონფერენციაზე IHA-ის დელეგაცია ასევე ისაუბრებს ჰიდროენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის მექანიზმებზე და ხაზს გაუსვავს ჰიდროენერგეტიკის მნიშვნელობას და საერთაშორისო თანამშრომლობის როლს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.



Commentaires


bottom of page