top of page

გახდება თუ არა შავი ზღვის ფსკერზე მოსაწყობი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი ახალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი



საქართველოს ელექტროენერგეტიკულ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა. საქმე ის არის, რომ იგეგმება შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მშენებლობა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით იქნება აღჭურვილი. საკითხი სულ ახლახანს ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზეც განიხილეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტზე იყო გამახვილებული.

ეს ამბიციური ჩანაფიქრი, რასაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უკვე უწოდა „მომავლის პროექტი“, შავი ზღვის ფსკერზე 1200 კილომეტრი სიგრძის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.

მსოფლიო ბანკს უკვე გაცხადებული აქვს თანხმობა, დააფინანსოს პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა. მანამდე, საქართველომ საკუთარი ძალებით უკვე განახორციელა პროექტის შესაძლებლობების პირველადი შესწავლა. დიდი ალბათობით, რუმინეთი იქნება ის წერტილი, სადაც საქართველოდან ზღვაში ჩაშვებული კაბელი გავა, რადგან სწორედ იქ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა შავი ზღვის პირას განლაგებული. კაბელი საქართველოს და რუმინეთის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს დააკავშირებს.

დღეს არსებული ტექნიკური კვლევის თანახმად, ეს 1000 მეგავატამდე გამტარუნარიანი 500 კილოვატიანი ქსელი იქნება. შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ხაზის პროექტი 2 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

ეს ერთობლივი პროექტი „საქართველოს ელექტროსისტემამ“ და რუმინულმა კომპანიამ ევროპის ენერგოგაერთიანებაში უკვე დაარეგისტრირეს.

ჯერ-ჯერობით ეს ამბიციური ჩანაფიქრი, რამაც საქართველოს და ევროკავშირის ენერგოსისტემები ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს, შეიძლება ითქვას, არარეალისტურად მაღალი მიზანია, თუმცა, თავის დროზე, ასევე და ბევრად უფრო არარეალისტურად გამოიყურებოდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტიც. ამიტომ, – რატომაც არა?!

მაგრამ მანამდე, საინტერესო იქნება იმის მიმოხილვა, თუ რა ახალ შესაძლებლობას მისცემს ქართულ ეკონომიკას, უფრო კონკრეტულად კი საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორს ეს ახალი შესაძლებლობა.

ფაქტია, პროექტი საკმოდ ძვირადღირებულია და მის განსახორციელებლად აუცილებელი იქნება კონსორციუმის ჩამოყალიბება, სადაც, სავარაუდოდ, გაერთიანდებიან დაინტერესებული მთავრობები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მსხვილი ენერგეტიკული კორპორაციები. გეოგრაფიულად და ინსტიტუციურად სხვადასხვა წარმომავლობის ფინანსური რესურსის აკუმულირება ამ პროექტს იმთავითვე მისცეს წარმატების დამატებით გარანტიებს.

ბუნებრივია, 1000 მეგავატამდე გამტარუნარიანი 500 კილოვატიანი გადამცემი ქსელი, რომელიც საქართველოს მისცემს საშუალებას რეგიონის ელექტროენერგეტიკა დააკავშიროს ევროპას და პირიქით, იქნება წარმოუდგენელი ნახტომი როგორც ენერგოდამოუკიდებლობის, ისე ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.

თავად განსაჯეთ – ამ კაბელის მეშვეობით ელექტროენერგიის გაცვლა ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან შეეძლება მთელ რეგიონს… ეს კავშირი, არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე (საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უკვე არსებული 500 და 300 კილოვოლტიანი ხაზები და თითქმის დასრულებული მესამე, ასევე 330 კილოვოლტიანი ხაზი), უკვე პროექტის ჩაშვების საწყის ეტაპზევე დიდ შესაძლებლობას აძლევს აზერბაიჯანს, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად არის დაკავებული საკუთარი რესურსების ელექტროენერგეტიკული პოტენციალის საექსპორტო ბაზრებზე გატანით. აქ იგულისხმება, როგორც აზერბაიჯანში არსებული და დაგეგმილი თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია, ასევე პერსპექტივაში დაგეგმილი ქარის ენერგეტიკის განვითარების შედეგად მიღებული ელექტროენერგეტიკული რესურსიც).

პროექტი უმნიშვნელოვანესი იქნება საკუთრივ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ევროკავშირის ბაზარზე გატანის თვალსაზრისით და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველოს დამატებით მისცემს სოლიდურ სატრანზიტო შემოსავალს. საქართველოს ენერგოსისტემა პირდაპირ დაუკავშირდება ევროპის ერთიან ელექტროენერგეტიკულ ქსელს, რაც გარდა ენერგეტიკული და ეკონომიკური ფაქტორებისა, ცალსახად იქნება გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი ფაქტიც.

ამ კაბელის კიდევ სხვა სიკეთე იქნება ის, რომ მასში შესაძლებელია დაინსტალირდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენიც, რომელიც ტელეკომუნიკაციის/ინტერნეტ არხის ჩამოსაყალიბებლად დამატებით პირდაპირ საშუალებას მოგვცემს. ეს იქნება ტელესაკომუნიკაციო ტრაფიკის დამატებითი პირდაპირი არხის ფორმირების შესაძლებლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიას/ცენტრალურ აზიას შორის.

დაგეგმილი პროექტი, მისი განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანას ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას შესძენს და საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობამდე მისვლას შეუწყობს ხელს.

პროექტთან დაკავშირებით დადებითი დამოკიდებულება აქვთ საქართველოს ენერგოგანვითარების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებსა და ანალიტიკოსებს. კერძოდ, განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ეს პროექტი უდაოდ იქნება ბოლო ათწლეულების ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც კი გაკეთებულა ჩვენი ქვეყნისთვის.

მისი განმარტებით, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების პრობლემის პრაქტიკულად მოხსნის საფუძველი გახდება. „ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროებისას, ამ გადამცემი ქსელის არსებობა მოგვცემს საუკეთესო არჩევანის გაკეთების საშუალებას და არა მარტო ჩვენი უშუალო მეზობლების შესაძლებლობებიდან. ამ საკითხს მედლის არანაკლებ მნიშვნელოვანი მეორე მხარეც ექნება – დარწმუნებული ვარ, არ არის შორს ის დრო, როცა ჩვენ შევძლებთ განახლებადი რესურსების მაქსიმალურად ათვისებას და ჭარბი ელექტროენერგიის ესქსპორტზე გატანას. ამ შემთხვევაშიც, ფაქტობრივად გარანტირებული მყიდველი გველის ევროგაერთიანების ენერგეტიკული ბაზრის სახით. ამ მოლოდინს ამყარებს ისიც, რომ ევროპაში მწვანე ენერგიაზე ისედაც მაღალი მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და ეს ტენდენცია შეუქცევადია. ცხადია, ამ გადამცემი ხაზს პერსპექტივაში ექნება ასევე სატრანზიტო ფუნქციაც და რეგიონიდან ევროგაერთიანებასთან ენერგორესურსის გაცვლაში მიიღებს მონაწილეობას. აქაც საქართველო დიდ სარგებელს ნახავს. თუმცა, დროის ჭრილში რომ ვაანალიზებ, ვფიქრობ, რომ ჩვენი გენერაციის ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება და ამ გადამცემი ხაზის ამოქმედება დროში ძალიან ახლოს იქნება ერთმანეთთან და შესაძლოა, ამ ქსელში სატრანზიტო ელექტროენერგიის ადგილი უბრალოდ არ დარჩეს. ესეც მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო პერპექტივა იქნება საქართველოსთვის“, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

საქართველოსთვის ამ პროექტის დადებით მნიშვნელობაზე საუბრობს ასევე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დიდი კაშხლების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მირცხულავა.

როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის პროექტი, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის შლის ახალ შესაძლებლობებს. მირცხულავას მიაჩნია, რომ ევროგაერთიანების ენერგეტიკული ბაზრისთვის საქართველო, პირველ რიგში, სწორედ განახლებადი ენერგიის პოტენციალით არის და იქნება საინტერესო. „საკუთრივ ეს პროექტი გახდება ახალი დიდი შესაძლებლობა მთლიანად რეგიონისთვის, მათ შორის ჩვენთვის. ევროპასთან 2 საათიანი ე.წ. წანაცვლებაც ჩვენს წისქვილზე ასხმს წყალს. როცა ჩვენთან პიკი გადადის, იქ სწორედ მაშინ იწყება პიკი და ეს კარგად გამოსაყენებელი ფაქტორი იქნება. ასევე, შესაძლებელია, ძალიან კარგად გამოვიყენოთ ევროპის ღამის იაფი რესურსის მიღების საშუალება და ასე შემდეგ. გარდა ამისა, მე ვხედავ ამ პროექტის პერსპექტივაში აღმოსავლეთით განვითარების საშუალებას, ვგულისხმობ კასპიის ფსკერზე გადამცემი ხაზის მოწყობით ერთიან ქსელში აზიის ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობას. კერძოდ აზერბაიჯანის კავშირს ყაზახეთის ენერგოსისტემასთან. საათობრივი ცვალებადობის გამოყენება აქაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა მირცხულავამ.

მისი თქმით, ანალოგიური თანამედროვე ტიპის მაღალი ძაბვის გადამცემი წყალქვეშა ქსელების მოწყობის ტექნოლოგია სადღეისოდ ერთი-ორად არის გაიაფებული. „დაგეგმილი პროექტი თავისი სავარაუდო თვითღირებულებიდან გამომდინარე, განხორციელებასთან ძალიან ახლოს არის. ამ გადამცემ ქსელს უნდა ჰქონდს 1000 მეგავატის გაცვლის საშუალება, მისი მოწყობა სავსებით რეალურია და ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ საქართველო გახდება ევროგაერთიანების ენერგოსისტემის ნაწილი“, – განაცხადა დავით მირცხულავამ.

Comments


bottom of page