top of page

„დაგვიდგა მომენტი, როცა ელექტროენერგიის იმპორტის ტექნიკური საშუალება აღარ გვაქვს“


ავტორი:ელენე გოგბერაშვილი

იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზისა და ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ ავარიულად გათიშვის გამო, გუშინ ერთი საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. „ენგურჰესი“ საქართველოს ელექტროსისტემას ორი ხაზით უკავშირდება. ქვეყნის უმსხვილესი გენერაციის ობიექტის ხელმძღვანელის, ლევან მებონიას განმარტებით, დიდი დატვირთვის გამო „იმერეთის“ 500 კვტ-იანი ხაზი ავარიულად გამოირთო, რასაც ასევე მოჰყვა „ენგურჰესის“ აგრეგატების გათიშვაც. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს პრაქტიკაში რამდენიმე თვის წინ უკვე გვქონდა შემთხვევა, როცა საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს, ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტებთან დავსვით კითხვა, რამდენად დაზღვეულია ქვეყანა მსგავსი ფაქტებისგან. „ყველაზე დიდი გენერაციის ობიექტი, რაც არის სისტემაში, ერთი იმდენი სიმძლავრის უნდა იყოს რეზერვში იმისთვის, რომ დაცული ვიყოთ ასეთი გათიშვებისგან. ასევე შესაბამისი სიმძლავრეები არის საჭირო გადამცემ ქსელებში და ეს ყველაფერი გაწერილია ენერგეტიკის 10-წლიან განვითარების გეგმაში. იქ ჩანს და უკვე ბევრჯერ უნდა დაფიქრდე, სანამ ტრივიალურ ჭეშმარიტებას იტყვი, რომ გვჭირდება ბევრი გენერაციის ობიექტი და სულაც არ არის აუცილებელი მაინცდამაინც გაგვიჭირდეს“, - აცხადებს ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი მურმან მარგველაშვილი. „სწორედ ამიტომ გვჭირდება საკუთარი დამატებითი გენერაციის ობიექტები, ვინაიდან რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, რომ მოვა დრო, როცა ტექნიკური საშუალებაც აღარ გვექნება იმისთვის, რომ საკმარისი იმპორტი განვახორციელოთ, ის მომენტი უკვე დაგვიდგა. არის სიტუაციები, როდესაც ჩვენ საკუთარი გენერაციის ობიექტები არ გვყოფნის და შესაბამისად იმპორტზე ვხდებით უკვე ძალიან დამოკიდებული. თავი რომ დავანებოთ ფინანსურ რისკებს, ტექნიკურად ხდება შეუძლებელი საკმარისი რაოდენობის იმპორტის განხორციელება. აქედან გამომდინარე ჩვენი ქვეყნისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ნამახვანჰესის მსგავსი მსხვილი და მცირე ენერგოობიექტების განვითარებაც მოხდეს“,-აცხადებს განახლებადი ენერგიების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი აბრამიშვილი. ახალი გენერაციის ობიექტები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ქვეყანაში იზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც და იმპორტიც. ესკო-ს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 5.1%-ით გაიზარდა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის 4 თვის განმავლობაში ადგილობრივ ეკონომიკას 4.5 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მიეწოდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 220 მილიონი კილოვატ საათით მეტია. რაც შეეხება ადგილობრივ გამომუშავებას, ის 19%-ით შემცირდა და 2.98 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. ამ კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის “ენგურჰესის” სარეაბილიტაციოდ გაჩერება იყო, თუმცა 3-თვიანი გაჩერების შემდეგ სადგურმა მუშაობა რამდენიმე კვირის წინ აღადგინა. ადგილობრივი გამომუშავების კლების ფონზე ელექტროენერგიის იმპორტი 117%-ით გაიზარდა. მთლიანობაში წელს დენის იმპორტმა 1.69 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა, რაც მოხმარებული ელექტროენერგიის 37.5% იყო. თავის მხრივ იმპორტის დიდი ნაწილი - 924 მილიონი კილოვატ საათი აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის იმპორტს წარმოადგენდა და მასში საქართველოს ფული არ გადაუხდია. ქვეყნების მიხედვით ელექტროენერგიის იმპორტი 2021 წლის 4 თვეში ასე ნაწილდება: - რუსეთიდან - 1.037 მილიარდი კილოვატ საათი (მათ შორის აფხაზეთისთვის 924 მილიონი კილოვატ საათი); - აზერბაიჯანიდან - 499 მილიონი კილოვატ საათი; - თურქეთიდან - 161.2 მილიონი კილოვატ საათი.


Comments


bottom of page