მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და საომარ მოქმედებებს ახორციელებს, ევროკომისიამ რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადა. ევროკავშირის გეგმას, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება დააჩქაროს, იმავე დღეს შეუერთდნენ აშშ და დიდი ბრიტანეთი, რომლებმაც რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალეს.
ევროკომისიის განცხადებით, REPowerEU ასახავს ღონისძიებათა მთელ სერიას ევროპაში ენერგომატარებლების ფასების ზრდაზე რეაგირებისა და მომავალი ზამთრისთვის გაზის მარაგის შესავსებად.
ევროკავშირის ენერგეტიკული კომისრის კადრი სიმსონის განცხადებით, ევროპას მომდევნო კვირებისთვის გაზის საკმარისი მარაგი გააჩნია, თუმცა მომავალი წლისთვის რეზერვი სასწრაფოდ უნდა შეივსოს.
"ევროკომისია გამოვიდა წინადადებით, 1 ოქტომბრისთვის ევროკავშირში გაზსაცავი სულ მცირე, 90%-მდე შეივსოს. ჩვენ ასევე გამოვკვეთეთ ფასების რეგულირება, სახელმწიფო დახმარება და საგადასახადო ზომები, რათა დავიცვათ ევროპული ოჯახები და ბიზნესი განსაკუთრებით მაღალი ფასების გავლენისგან" – აღნიშნა კადრი სიმსონმა.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით კი, ევროპა სასწრაფოდ უნდა გახდეს დამოუკიდებელი რუსული ნავთობისა და გაზისაგან, რადგან ვერ ენდობა მომწოდებელს, რომელიც მის მიმართ პირდაპირ მუქარას ახორციელებს.
„რაც უფრო სწრაფად გადავალთ და ავითვისებთ განახლებად ენერგიებს, მით უფრო მალე გავხდებით მართლაც დამოუკიდებელნი და დავეუფლებით ჩვენს ენერგოსისტემას. კვირის ბოლოს ევროპელ ლიდერებთან ერთად ვიმსჯელებთ ევროკომისიის იდეებზე, ხოლო შემდეგ ვიმუშავებთ, რათა სწრაფად მოვიყვანოთ გეგმა აღსრულებაში“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
აღნიშნულ ვითარებას გამოეხმაურა ევროკავშირის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ევროპის მწვანე შეთანხმებისთვის ფრენს ტიმერმანიც, რომლის აზრით, დროა, ევროკავშირმა დასძლიოს დაუცველობა და სწრაფად გახდეს უფრო დამოუკიდებელი მისი ენერგეტიკული არჩევანით. "მოდით, ელვის სისწრაფით ავითვისოთ განახლებადი ენერგიები. ისინი იაფია, სუფთა და ნაცვლად იმისა, რომ დააფინანსონ წიაღისეული საწვავის ინდუსტრია სხვაგან, ადგილზე შექმნიან სამუშაო ადგილებს. პუტინის ომი უკრაინაში გვიჩვენებს სუფთა და განახლებადი ენერგიების ათვისების აუცილებლობას“ – აღნიშნა ტიმერმანმა.
Feed In Tariff-იანი 55 პროექტის სრული იმპლემენტაცია ევროპის წიაღისეული გაზის წლიურ მოხმარებას 2030 წლისთვის 30%-ით, 100 მლრდ კუბურ მეტრამდე შეამცირებდა.
„REPowerEU“-ს გეგმის მასშტაბებით, ეტაპობრივად შეგვიძლია, ამოვიღოთ 155 მლრდ კუბური მეტრი გაზის მოხმარება, რაც 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებული მოცულობის ტოლია. ამ შემცირების თითქმის 2/3 შეიძლება, 1 წელიწადში განვახორციელოთ, რაც ერთ მომწოდებელზე ევროპის ჭარბ დამოკიდებულებას დაასრულებს“ – განაცხადეს კომისიაში.
ევროკომისიამ შესთავაზა წევრ ქვეყნებს, ამ მიზნების მისაღწევად წარმოადგინონ ოპტიმალურ ღონისძიებათა პროექტები, რომელიც აღდგენისა და მდგრადობის ეროვნული გეგმების ფარგლებში უკვე გაწეულ ფართო სამუშაოს დაეფუძნება.
Opmerkingen