top of page

ენერგეტიკის სფეროში სრულ განაკვეთზე დასაქმებული ქალების წილით მზის ენერგიის ინდუსტრია ლიდერობს



განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ 2021 წელს, მსოფლიოში ენერგეტიკის სფეროში სრულ განაკვეთზე დასაქმებული ქალების წილით, მზის ენერგიის ინდუსტრია ლიდერობს.


გასულ წელს, მზის ენერგიის სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობამ 4.3 მილიონს მიაღწია, რაც განახლებად ენერგიაში ჩართული სამუშაო ძალის მესამედია. ამასთანავე, მზის ენერგიის ინდუსტრიაში დასაქმებულთა 40% (1.7 მილიონი) ქალებზე მოდის.


IRENA-ს მიხედვით, მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, სექტორში გენდერული ბალანსი კვლავ გლობალურ გამოწვევად რჩება. ქალები განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში დასაქმებულთა მხოლოდ 32%-ს შეადგენენ. ასევე, ტექნიკურ და საინჟინრო პოზიციებზე დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 12% მოდის ქალებზე.


გენდერული დისბალანსი მნიშველოვანი გამოწვევაა საქართველოშიც. საქსტატის მონაცემებით, ქვეყნის ენერგეტიკაში ქალთა რაოდენობა დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 17% შეადგენს.


აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, მიმდინარე წლის ოქტომბერში GREDA-მ, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ენერგეტიკაში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი ინიციატივა - „ქალები ენერგეტიკაში“ წარადგინა.


ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ქალთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფას სხვადასხვა პროექტების მეშვეობით, რომლებიც მიმართული იქნება სკოლის მოსწავლე გოგონებში ენერგეტიკის დარგის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, პროფილური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მხარდაჭერასა და ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალთა შორის მჭიდრო კავშირების დამყარებაზე.


გაიგეთ მეტი ინიციატივის შესახებ: https://bit.ly/3VlbYVm



Comments


bottom of page