"კომუნიკაცია დაგვიანებული იყო" - გიორგი აბრამიშვილი ნამახვანჰესის შესახებ



სურათი ნათელია - ერთი მხრივ, არის კონსტრუქციული შეთავაზებები და მეორე მხრივ დესტრუქცია, - ასე შეაფასა ენერგეტიკოსმა გიორგი აბრამიშვილმა ნამახვანჰესის ინვესტორთან მიღწეული შეთანხმების 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რიონის ხეობის მცველებს და აქტივისტებს გააცნეს. თურნავა და დავითაშვილი შეხვედრის მხოლოდ დასაწყისს დაესწრნენ, მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს და იქაურობა დატოვეს, ხოლო შეკრებილებმა ამის გამო პროტესტი გამოხატეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან, პროფესიონალებთან საუბარზე უარი განაცხადეს.


"თუ ოპონენტებს აინტერესებდათ და ჰქონდათ გულის ტკივილი, რომ ტექნიკური ხარვეზები იყო, ან გაუმჯობესებაზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი, იქმნება საზედამხედველო დამოუკიდებელი საბჭო, და ამაზე მთავრობამ განაცხადა თანხმობა. ასევე თუ იყო საუბარი, რომ რიონის ხეობას სჭირდება დახმარება, არის შეთავაზება 5-მილიონიან ფონდზე. შესაბამისად, დღესაც მთავრობა და მინისტრები იყვნენ ჩართული ვიწრო სპეციალიზებულ ექსპერტებთან ერთად, რომ გაეცათ კითხვებზე პასუხები. გამოჩნდა რეალურად, რომ მეორე მხარეს აინტერესებს დესტრუქცია, არ არსებობს კონკრეტული კითხვები, კონკრეტული პასუხების გაცემაზე არ არის საუბარი“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა გადაცემა "ანალიტიკაში".


მისივე განმარტებით, მთავრობამ კომუნიკაცია დააგვიანა, თუმცა ახლა დაიწყო და ეს კარგია.


„მთავრობამ კომუნიკაცია დააგვიანა და ეს არაერთხელ მითქვამს. დააგვიანდა მთავრობას და კერძო სექტორსაც. მეორე მხრივ, ინვესტორთან კომუნიკაციას ეს ძალიან ართულებს, რადგან ერთი მხრივ ინვესტორს ვთავაზობთ პროექტს და ვაღებინებთ ტენდერში მონაწილეობას და მერე გზადაგზა ინვესტორის შემოთავაზებები არ უმჯობესდება, მაგრამ არის სოციალური დესტრუქცია, დამატებითი ხარჯები და ა.შ. ამ ნაწილში, შეიძლება ითქვას, რომ კომუნიკაცია დაგვიანებული იყო, თუმცა ახლა ეს ადგილზეა, ახლა ეს მაგიდაზეა და უნდა მოვეჭიდოთ“, - აღნიშნა აბრამიშვილმა.