წყალი განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული წყაროა მსოფლიოში. ჩინეთი, წყლისგან ენერგიის ყველაზე აქტიურად მწარმოებელი, მსოფლიოს ათი უდიდესი ჰიდროელექტროსადგურიდან სამს ამუშავებს, მათ შორის − უდიდესს მსოფლიოში, „სამი ხეობის“ სადგურს. „პაუერ ტექნოლოჯი“ წარმოგიდგენთ მსოფლიოში წყლის ენერგიის მწარმოებელ ათ უდიდეს ობიექტს (დადგმული სიმძლავრის მიხედვით).
რომლებია მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგურები?
სამი ხეობა, ჩინეთი − 22.5 გვტ
სამი ხეობის 22.5-გიგავატიანი ჰიდროელექტროსადგური იჩანგში (ხუპეის პროვინცია, ჩინეთი) უდიდესია მსოფლიოში. ეს ტრადიციული წყალსაცავია, რომელიც ენერგიის გამოსამუშავებლად მდინარე იანძის წყლის რესურსს იყენებს. სადგურს ფლობს და მართავს „ჩინეთის სამი ხეობის კორპორაცია“ (CTGC) შვილობილი კომპანიის, „ჩინეთის იანძის ენერგიის“, საშუალებით.
203 მლრდ. ჩინური იუანის (29 მლრდ. დოლარის) ღირებულების პროექტი 1993 წელს დაიწყო და 2012-ში დასრულდა. აშენდა 181 მეტრის სიმაღლისა და 2 335 მეტრის სიგრძის გრავიტაციული კაშხალი. ელექტროსადგურის შემადგენლობაში 32 ტურბინა-გენერატორია, თითო − 700-მეგავატიანი, და ორი 50-მეგავატიანი გენერატორი. ჰესის აღჭურვილობით უზრუნველყოფაში ექვსი უცხოური ჯგუფი იყო ჩართული, მათ შორის − „ალსტომი“, რომელმაც მას მიაწოდა ფრენსისის 14 ტურბინა.
„სამი ხეობის“ სადგურის ენერგიის მიმღები აგრეგატები 2003-დან 2012 წლამდე აამუშავეს. ჰესის საშუალო წლიურ გამომუშავებად მიჩნეულია 85 ტერავატ-საათი. მიღებული ენერგიით მარაგდება ცხრა პროვინცია და ორი ქალაქი, მათ შორის, შანხაი.
იტაიპუ, ბრაზილია და პარაგვაი − 14 გვტ.
„იტაიპუს“ 14-გიგავატიანი ჰიდროელექტროსადგური მდინარე პარანაზე მდებარეობს, ბრაზილიისა და პარაგვაის საზღვარზე. ობიექტს მართავს „იტაიპუ ბინაციონალი“.
19.6 მილიარდ დოლარად შეფასებული პროექტი 1975 წელს დაიწყო და 1982 წელს დასრულდა. სადგური ამერიკული IECO-სა და იტალიური ELC Electroconsult-ის კონსორციუმმა ააშენა. ენერგიის წარმოება „იტაიპუმ“ 1984 წლის მაისში დაიწყო.
„იტაიპუს“ ჰიდროელექტროსადგური 2018 წელს ბრაზილიის დახარჯული ენერგიის 15%-სა და პარაგვაის ენერგიის 90%-ს გამოიმუშავებდა. ის ოცი 700-მეგავატიანი აგრეგატისგან შედგება. „იტაიპუ“ 2016-ში წლიური 103.1 მლნ. მეგავატ-საათით მაშინდელ მსოფლიოში ენერგიის უდიდესი გამომმუშავებელი იყო.
სილუოტუ, ჩინეთი − 13.86 გვტ.
სილუოტუს ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც სჩუანის პროვინციის ცენტრში, მდინარე ძინშაზეა აშენებული, 13.86 გვტ-ს წარმოება შეუძლია. CTGC-ს აშენებული სადგური საზეიმოდ გაიხსნა 2013 წელს და ელექტროქსელში 2014 წლის ივნისში ჩაერთო.
ელექტროსადგურზე მსოფლიოს პირველი ულტრამაღალი ბეტონის კაშხალია ორმაგი სიმრუდის მქონე თაღით ზღვის დონიდან 610 მეტრზე. კაშხლის მაქსიმალური სიმაღლე 285.05 მეტრია, წყალშემკრები აუზის ფართობი კი − 454 400 კმ2.
ჰესი იყენებს ფრენსისის 18 ტურბინა-გენერატორს, თითო 770-მეგავატიანია. წარმოქმნილ ენერგიას მომხმარებლებს აწვდიან „სახელმწიფო ელექტრომომარაგების სისტემა“ და „ჩინეთის სამხრეთის ელექტრომომარაგების სისტემა“. სადგური ამჟამად საშუალოდ 57.07 ტერავატ-საათს გამოიმუშავებს, ხანგრძლივ პერსპექტივაში მისი 616.2 ტერავატ-საათამდე გაზრდა იგეგმება.
გური, ვენესუელა − 10.2 გვტ
გურის ენერგოპროექტი, ასევე ცნობილი სიმონ ბოლივარის ჰიდროელექტროსადგურის სახელით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ვენესუელაში, ბოლივარის შტატში მდებარეობს მდინარე კარონიზე. სადგურს ფლობს და მართავს კომპანია „CGV Electrification del Caroni“.
ენერგოპროექტი 1963 წელს დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა, რომელთაგან პირველი 1978 წელს დასრულდა, მეორე კი − 1986 წელს. სადგურზე არის ენერგიის წარმომქმნელი 20 აგრეგატი, რომელთა სიმძლავრე 130 მვტ-დან 770 მვტ-მდეა.
ორი კონტრაქტი მოიგო „ალსტომმა“ 2007 და 2009 წლებში, შესაბამისად, ოთხი 400-მეგავატიანი და ხუთი 630-მეგავატიანი აგრეგატის შესაკეთებლად. „ანდრიცმა“ 2007 წელს გააფორმა კონტრაქტი, რომ გურის მეორე სადგური მოემარაგებინა ფრენსისის ხუთი 770-მეგავატიანი ტურბინით. გურის ენეგროსადგური ვენესუელას დაახლოებით 12 900 გიგავატ-საათით ამარაგებს.
ბელო მონტე, ბრაზილია − 9.39 გვტ.
ბელო მონტეს მშენებარე ჰესი მდინარე შინგუს ქვედა ნაწილში მდებარეობს, პარაში (ბრაზილია), და ამჟამინდელი (2019 წლის სექტემბრის) აღჭურვილობით 9.39 გვტ ენერგიის გამომუშავება შეუძლია. გეგმის მიხედვით, ეს ციფრი 2020-ში უკვე 11.2 გვტ-მდე უნდა გაიზარდოს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს რიგით მეოთხე უდიდესი ჰიდროელექტროსადგური იქნება.
ბელო მონტეს ენერგოსადგურს ფლობს და მართავს „ნორტე ენერგია“, კონსორციუმი, რომელსაც ბრაზილიური ელექტრომომარაგების კომპანია „ელეტრობასი“ (49.98%) ხელმძღვანელობს. პროექტი 11.2 მლრდ. დოლარი დაჯდა. მშენებლობა 2011 წლის მარტში დაიწყო, პირველი ტურბინა-გენერატორი კი 2016 წლის აპრილში ამუშავდა.
პროექტი მოიცავს ორ კაშხალსა და ორ ელექტროსადგურს, მათ შორის, მთავარ ელექტროსადგურს, რომელიც აღჭურვილია ფრენსისის თვრამეტი 611-მეგავატიანი ტურბინით, და დამატებით ელექტროსადგურს ექვსი 38.85-მეგავატიანი კაფსულის ტიპის ტურბინით. 2019 წლის სექტემბრისთვის ამუშავდა მთავარი ენერგოსადგურის 15 ტურბინა თვრამეტიდან და დამატებითი ელექტროსადგურის ექვსივე ტურბინა.
ტუკურუი, ბრაზილია − 8.37 გვტ.
ტუკურუის ჰიდროენერგიის კომპლექსი, რომელიც მდებარეობს მდინარე ტოკანტინსზე ტუკურუიში (პარა, ბრაზილია), ორ ეტაპად აშენდა და მუშაობს 1984 წლიდან.
პროექტის განხორციელება 5.5 მლრდ. დოლარი დაჯდა. მშენებლობა 1975 წელს დაიწყო. პირველი ეტაპი, რომელიც 1984 წელს დასრულდა, გულისხმობდა 78 მეტრის სიმაღლისა და 12 500 მეტრის სიგრძის ბეტონის გრავიტაციული კაშხლის მშენებლობას, ენერგიის გამომმუშავებელი თორმეტი 330-მეგავატიანი აგრეგატისა და ორი 25-მეგავატიანი დამხმარე აგრეგატის დაყენებას.
მშენებლობის მომდევნო ეტაპი 1998 წელს დაიწყო და 2010 წლის მეორე ნახევარში დასრულდა. იგი გულისხმობდა მეორე ენერგოსადგურის დამატებასა და ენერგიის მაწარმოებელი 11 აგრეგატის დამონტაჟებას (თითოს სიმძლავრე 370 მვტ.). ამ ეტაპზე პროექტი მოამარაგა „ალსტომის“, „GE ჰიდროს“, „ინეპარ-ფემისა“ და „ოდებრეჩის“ კონსორციუმმა. სადგური ენერგიას აწვდის ქალაქ ბელემსა და მის შემოგარენს.
გრანდ ქული, აშშ − 6.8 გვტ.
გრანდ ქულის 6.8-გიგავატიანი სადგური, რომელიც მდებარეობს მდინარე კოლუმბიაზე, ვაშინგტონში (აშშ), სამ ეტაპად აშენდა. მისი მფლობელი აშშ-ის მელიორაციის ბიუროა. ჰიდროელექტროსადგურმა ფუნქციონირება დაიწყო 1941 წელს. მის მიერ წლიურად გამომუშავებული ენერგია 24 ტერავატ-საათზე მეტია.
გრანდ ქულის ჰესი მოიცავს სამ ენერგოსადგურსა და 168 მეტრის სიმაღლისა და 1 592 მეტრის სიგრძის ბეტონის გრავიტაციულ კაშხალს. მშენებლობა 1933 წელს დაიწყო და უკვე 1950 წლისათვის ფუნქციონირებდა მარცხენა და მარჯვენა ენერგოსადგურები, რომლებშიც ერთიანად ფრენსისის 18 ტურბინაა 125 მვტ. სიმძლავრითა და, ასევე, დამატებითი 10-მეგავატიანი აგრეგატები.
მესამე ენერგოსადგური შედგება სამ-სამი 805- და 600-მეგავატიანი აგრეგატისგან. მისი მშენებლობა დაიწყო 1967 წელს და 1975-დან 1980 წლამდე სადგურის ექვსივე აგრეგატი ამუშავდა. მესამე სადგურზე 2013 წელს დაიწყო სამი 805-მეგავატიანი აგრეგატის განახლება. ორი მათგანი 2016 წლის აპრილსა და 2019 წლის მარტში დაასრულეს, მესამეზე მუშაობა კი გეგმით 2020 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. დანარჩენი სამი 600-მეგავატიანი აგრეგატის განახლების დაწყება 2024 წელს იგეგმება.
სიანგძიაპა, ჩინეთი − 6.4 გვტ.
სიანგძიაპას ჰიდროელექტროსადგური CTGC-ს განხორციელებული და მართული მესამე პროექტია. ის მდინარე ძინშას კანიონის გამოსასვლელთან ააგეს, რომელიც მდებარეობს იპინსა (სჩუანის პროვინცია) და შუეიფუს (იუნნანის პროვინცია) შორის, ჩინეთში.
სიანგძიაპას კაშხალი 162 მეტრის სიმაღლისაა, თხემი კი 384 მეტრზეა ზღვის დონიდან. წყალშემკრები აუზის ფართობი 458 800 კმ2-ა, მოცულობა კი − 5.163 მლრდ. კუბური მეტრი. ენერგოსადგურზე დამონტაჟებულია რვა აგრეგატი (თითოს სიმძლავრე 800 მვტ.) და მოიცავს რამდენიმე ნაგებობას ნაკადის გასაშვებად, მიმართულების შესაცვლელად, ენერგიის მისაღებად და გემების ასაწევად.
ენერგოსადგურის რვავე აგრეგატი ფუნქციონირებდა 2019-ში. ჰესს წლიურად 30.88 კილოვატ-საათის გამომუშავება შეუძლია. მომავალში ამ რიცხვის გაზრდა ნავარაუდევია 33.09 კილოვატ-საათამდე.
საიანო-შუშენსკაია, რუსეთი − 6.4 გვტ.
საიანო-შუშენსკაიას ჰიდროელექტროსადგური მდინარე ენისეიზეა აგებული საიანოგორსკთან, ხაკასეთში. მას მართავს „რუსჰიდრო“.
ენერგოსადგურის მშენებლობა 1963 წელს დაიწყო და 1978 წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში აშენდა 242 მ. სიმაღლისა და 1 066 მ. სიგრძის თაღოვანი გრავიტაციული კაშხალი. ენერგოსადგური აღჭურვილია ფრენსისის ენერგიის წარმომქმნელი ათი აგრეგატით (თითოს სიმძლავრე − 640 მვტ.). ჰესი საშუალოდ წელიწადში 23.5 ტერავატ-საათს გამოიმუშავებს, აქედან 70% მიეწოდება ალუმინის ოთხ სადნობს ციმბირში.
სადგური დროებით გაჩერდა 2009 წელს, როდესაც ავარიამ ტურბინები დააზიანა. ის ისევ გაიხსნა 2010 წელს, მას შემდეგ, რაც ხარვეზები აღმოიფხვრა. სადგურზე იგეგმება 96.9%-იანი ეფექტურობის მქონე ათი ახალი აგრეგატის დამატება, რისი ღირებულებაც დაახლოებით 1.4 მლრდ. დოლარი იქნება.
ლუნგთანი, ჩინეთი − 6.3. გვტ.
ლუნგთანის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს მდინარე ხუნგშუეიზე (თიენე, კუანგსი, ჩინეთი), სიდიდით მეექვსეა აზიაში.
ენერგოსადგური აღჭურვილია ფრენსისის ცხრა 700-მეგავატიანი აგრეგატით. ლუნგთანის შემკვრივებული ბეტონით (RCC) აგებული გრავიტაციული კაშხალი 216.5 მ. სიმაღლისა და 832 მ. სიგანისაა. ენერგოსადგურს ფლობს და მართავს „ლუნგთან ჰიდროპაუერ დეველოპმენტი“. ის დააპროექტა „ჰიდროჩაინა ჭუნგნან ენჯინიერინგმა“ (Hydrochina Zhongnan Engineering) და ააშენა „სინოჰიდრომ“.
ლუნგთანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2001 წელს დაიწყო. პირველი აგრეგატი კი 2007 წლის მაისში დააყენეს. სადგური სრულად ამოქმედდა 2009 წელს. ჰესი ტურბინებით მოამარაგეს „ვოითმა“, „ტუნგფანგმა“, „ჰარბინმა“ და „თიენძინმა“. სადგურის საშუალო წლიურ გამომუშავებად მიჩნეულია 18.7 ტერავატ-საათი.
Comments