რა პრობლემების წინაშეა საქართველო ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულების გამო?



წუხელ ისევ გაითიშა გადამცემი ხაზი „მესხეთი”. რომელიც საქართველოს ელექტროსისტემას თურქეთთან აკავშირებს. აღნიშნულ ფაქტს საკუთარ facebook გვერდზე ენერგეტიკის ექსპერტი გიორგი აბარამიშვილი გამოეხმაურა:

“წუხელ ისევ ავარიულად გაითიშა 400 კვ მაღალგადამცემი ხაზი „მესხეთი”. რომელიც საქართველოს ელექტროსისტემას თურქეთთან აკავშირებს. ახლა, დიდთოვლობაა ის მიზეზი, რის გამოც, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ფერხდება მაღალგადამცემი ხაზის დროულად შეკეთება. შესაბამისად, შეზღუდულია ელექტროენერგიის იმპორტი თურქეთიდან.

ქვეყნის უმძლავრესი საბაზისო ჰიდროელექტროსადგური – ენგურჰესი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოა გაჩერებული. პირველ რიგში, იმისათვის, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიის შეუფერხებლი მიწოდება აღუდგეს, თბოსადგურების სრული დატვირთვით ამუშავებაა საჭირო. ამ კრიტიკულ სიტუაციაში თავს იჩენს კიდევ ერთი არასასურველი გარემოება: ვერ ხერხდება ბუნებრივი გაზის საკმარისი მოცულობის იმპორტი აზერბაიჯანიდან – ხელშემშლელი ფაქტორი ამ შემთხვევაში რუსეთის პრობლემაა. როგორ შეგვიძლია ახლა ვიმოქმედოთ? სხვა გზა აღარ რჩება: ბუნებრივი გაზის მიწოდება რუსთავის „აზოტს“ და სხვა ქარხნებს უნდა შეეზღუდოს. ქარხანამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობა უნდა შეწყვიტოს, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება არ შუფერხდეს აღუდგეს.ეს ცუდი გამოსავალია, რომელიც ანგრევს ქართულ ეკონომიკას, წარმოებას.

სამწუხაროდ, მოვლენების მსგავსი განვითარება ლოგიკურია და ამ შედეგებამდე იმ არჩევანს მივყავართ, რაც დღეს „არა ჰესებს“ ვაიპროპაგანდით (სხვა სახელს ვერ დავარქმევ) ასე აქტიურადაა წახალისებული. დროთა განმავლობაში, დრო კი სწრაფად გადის, გაცილებით არასასურველ, შემდეგ კი გაცილებით დამანგრეველ შედეგებს მოვიმკით: უფრო ხშირად მოგვიწევს ჩვენი წარმოების გაჩერება. სხვა გზა არ გვექნება, რადგან ელექტროენერგიის იმპორტის მხრივ, ვართ და ყოველთვის ვიქნებით დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე, რომელთა პრიორიტეტებში და კეთილმოსურნე ზრახვებში ზოგჯერ იქნება საქართველოს ადგილი, ზოგჯერ – არა! შეგვიძლია, ასე გავაგრძელოთ „ეკონომიკური წინსვლა და ჩვენი ქვეყნის განვითარება“ – ეს ხომ ჩვენი არჩევანია! შეგვიძლია არ ავითვისოთ ჩვენი განახლებადი ენერგორესურსები, გავაჩეროთ ჩვენი ეკონომიკა და ვემათხოვროთ მეზობელ ქვეყნებს ხან ბუნებრივი გაზი, ხანაც ელექტროენერგია. აღმოსავლეთით თუ ჩრდილოეთით იმ მეზობლებს ვგულისხმობ, რომლებთანაც ჯერ კიდევ არ გვაქვს დემარკირებული საზღვრები და მტკიცედ უნდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი მხრიდან მათხოვრობას ისინი არასოდეს გამოიყენებენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის! სანაცვლოდ არასოდეს არაფერს მოგვთხოვენ! მთავარი და არსებითად კომიკური ის არის, რომ მათხოვრობის საგანი მუდამდღე უნდა იყოს ელექტროენერგია, რომლის წარმოებაც ყველაზე უვნებელი და იაფი წყაროებიდან ჩვენ თვითონაც შეგვიძლია, მაგრამ კატეგორიულად არ გვინდა. არ ჯობია, მეზობლების წისქვილზე ვასხათ წყალი, ვიდრე საკუთარ ტურბინებზე?!”