არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელიც არ ფლობს ჰიდრორესურსებს და ამასთანავე გენერაციაში განახლებადი ენერგიის 100%-თან მიახლოებული წილი აქვს - აცხადებს ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაცია (IHA).
2020 წლის მონაცემებით, ელექტროენერგიის გენერაციაში განახლებადი ენერგიის 90%-ზე მეტ წილს მხოლოდ 5 ქვეყანა ფლობს. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანის ელექტროენერგეტიკულ მიქსში ჰიდროენერგიას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს:
ნორვეგია
ნორვეგიაში ელექტროენერგიის 92% ჰიდროენერგიაზე მოდის. წყლის დაგროვების მნიშვნელოვანი რესურსით (86 ტვტ.სთ სიმძლავრის წყალსაცავები), ნორვეგია ევროპაში ელექტროენერგიის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანაა.
შოტლანდია
მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიის ელექტროენერგიის მთავარი წყარო 71%-იანი წილით ქარის ენერგიაა, ქვეყანაში ცვალებადი ენერგიის დაბალანსება ჰიდროენერგიით ხდება, რომლის წილი 18.1%-ია. შოტლანდიაში ამჟამად 800-მდე ჰიდროელექტროსადგური ოპერირებს, 2003 წელს მათი რაოდენობა მხოლოდ 163 იყო.
კოსტა-რიკა და ურუგვაი
კოსტა-რიკას და ურუგვაის ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მწვანე ენერგიის გენერირების თვალსაზრისით წამყვანი ადგილები უკავიათ. კოსტა რიკამ 67.5%-იანი, ხოლო ურუგვაიმ 30%-იანი ჰიდროენერგიის წილის მეშვეობით, მრავალფეროვანი განახლებადი ენერგორესურსების, მათ შორის ქარის, გეოთერმული, მზის და ბიომასის ენერგიის განვითარება და საკუთარ ქსელში ინტეგრაცია შეძლო.
შვედეთი
45%-იანი წილით ჰიდროენერგია შვედეთში ელექტროენერგიის მთავარი წყაროა. ქვეყანაში დაახლოებით 100 წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურია. მათი მეშვეობით შვედები წყალს ინახავენ და დეფიციტურ პერიოდში ელექტროენერგიის გენერაციისთვის იყენებენ. გარდა ამისა, კაშხლების საშუალებით, გაზაფხულის პერიოდში წყლის ნაკადის რეგულირების გზით, მოსახლეობას წყალდიდობებისგან იცავენ.
2020 წლის მონაცემებით, საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 65% განახლებად ენერგიაზე მოვიდა, რომელიც თითქმის სრულად გენერირებული იყო ჰიდროელექტროსადგურების მიერ. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 69,5%-ს მიაღწია.
Comments