top of page

შეიძლება ეს ყველაზე ექსტრემალური ელექტროსადგური იყოს მსოფლიოში


შვეიცარიის ალპებში მდებარე პაწია ქალაქ ლინთალის მაღლა, ღრმად მიმალული გრანიტის თოვლიან მასივში, არის ევროპის უახლესი ინჟინრული საოცრება. ეს წყლის სხვებისგან გამორჩეული ენერგოსადგურია, რომელსაც შეუძლია იმდენივე ენერგიის გამომუშავება, რამდენსაც ატომურ სადგურში ვიღებთ, და ჩამრთველის ერთი გადატრიალებით უზარმაზარ ბატარეად იქცევა. „ეს დიდი რაოდენობით ენერგიის შენახვის ერთადერთი მეთოდია,“ − ამბობს მორის ფრანსუა, „GE განახლებადი ენერგიის“ ჰიდროტექნოლოგიის ლიდერი, კომპანიისა, რომელმაც შეიმუშავა ენერგომომარაგების ტექნოლოგია.

ლინთალის ობიექტი არის ენერგოსადგური ე.წ. ტუმბოიანი საცავით. ის წარმოქმნის ან ინახავს ელექტროენერგიას მთის ორი ფირუზისფერი ტბის წყლის ამოძრავებით, რომელთაც 630-მეტრიანი (2000-ფუტიანი) კლდე ყოფს, ეიფელის კოშკზე ორჯერ მაღალი. როდესაც სადგურის მმართველს, შვეიცარიულ „აქსპოს“, უნდა ენერგიის წარმოება, ის აღებს ლითონის უზარმაზარ სარქველებს, რომელთაც ტიტანური ზეწოლის გაძლება შეუძლიათ, და უშვებს წყალს ტბა მატიდან (ზღვის დონიდან 290 მეტრი, ანუ 8100 ფუტი) ტბა ლიმერნამდე და კედლით გადაკეტილ ღრმა ხეობის მსგავს ველს თითქმის 23 მლრდ. გალონი წყლით ავსებს (92 მლნ. კუბური მეტრი). წყალი გადის „ჯენერალ ელექტრონიქსის“ (GE) ოთხ ტუმბო-ტურბინაში, რომლებიც რთავენ GE-ს გენერატორებს ცვალებადსიჩქარიანი ძრავებით და გარდაქმნიან წყლის ენერგიას ელექტრობად.

მაგრამ თუ ენერგიაზე მოთხოვნა იკლებს, სადგური უკუაქცევს დინებას, ატუმბავს რა წყალს უკან, ტბა მატში. „თითქოს სისტემა ზედა რეზერვუარს ტენის,“ − ამბობს ფრანსუა. სისტემა „იქცევა გიგანტურ ბუნებრივ ბატარეად, რომელიც საჭიროებისას ისევ მზადაა გამოსაყენებლად“.

მიუხედავად იმისა, რომ ტუმბოიანი საცავი ახალი გამოგონება არაა, ლინთალის სადგური პირველი ადგილია, სადაც GE-მ ცვალებადსიჩქარიანი ტექნიკა დაამონტაჟა. ტექნოლოგია საშუალებას აძლევს „აქსპოს“, ზუსტად დაარეგულიროს სადგურის მუშაობა, ზედმიწევნით აკონტროლოს ჭარბი ელექტროენერგიის რაოდენობა ქსელში და საჭირო რაოდენობა გაგზავნოს საჭირო მიმართულებით. ტექნოლოგიის მთელი ციკლის ეფექტურობა − სხვაობა დაშვებული წყლით გამომუშავებულ ენერგიასა და წყლის უკან ატუმბვისთვის დახარჯულ ენერგიას შორის − მთელი 80%-ა. „ეს იმდენადვე მნიშვნელოვანია ენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით, რამდენადაც − ეკონომიკის თვალსაზრისით,“ − ამბობს ფრანსუა.

ენერგოსადგური წარმოქმნის 1 გიგავატ განახლებად ელექტრობას, როდესაც ოთხივე ძრავა-გენერატორი ირთვება, და ეს საკმარისია 1 მლნ. შვეიცარიული სახლის სრულად მოსამარაგებლად.

ლინთალის სადგურის ნახვის შესაძლებლობა ბევრს არ ექნება. იქ მისასვლელად ჯერ ავტობანზე უნდა გაიქროლოთ; მერე, როდესაც ალპები მანქანის ორივე მხრიდან წამოიმართება და ერთმანეთისკენ გაიწევს, უნდა გაუყვეთ უფრო და უფრო დავიწროებულ და მიხვეულ-მოხვეულ გზას. თვით პატარა ქალაქ ლინთალიდან გასავლელი ბოლო მონაკვეთი კედლად აღმართულ კლდესთან მთავრდება. აქედან საბაგირო გზის ვაგონში უნდა შეძვრეთ, რომელიც მობალახე ალპური გარეთხებით მოწინწკლულ ველებს აივლის (ჯული ენდრიუსის კვალიც არ ჩანს). საბაგიროდან გვირაბის შესასვლელთან ჩამოხვალთ. და ახლა უკვე დაახლოებით 1800 მეტრის (5900 ფუტის) სიმაღლეზე იქნებით ზღვის დონიდან.

შედიხართ მთის გულში გაყვანილ გვირაბში; სამგზავრო ტრანსპორტად გადაკეთებული მერსედესის სატვირთო მანქანით ორ მილს გაივლით. ბოლო ორასი იარდი გვირაბებისა და ქვაბულების სისტემაა, ფერებად კოდირებული ფლუორესცენციული შუქით განათებული. ბოლოს მანქანიდან გადმოდიხართ და ხვდებით გენერატორის ოთახში.

მთაში შთამბეჭდავი სივრცეა გამოთავისუფლებული და „აქსპომ“, რომელიც ობიექტს მართავს, ის ერთიანად ამოავსო ტექნიკით. აქაურობა ან ევროპის შუა საუკუნეების კათედრალებს გაგახსენებთ, ან მიწისქვეშა გასაიდუმლოებულ სამხედრო სამეთაურო ცენტრს.

ფრანსუა ამბობს, რომ GE-ს ტექნიკამ, რომელიც კომპანიამ „ალსტომთან“ ერთად შეიძინა, ჰიდროელექტროსადგურები ენერგიის გამომმუშავებელი ქსელის უმნიშვნელოვანეს წევრებად აქცია. ის, რომ GE-ს აქაური ტუმბოიანი ტურბინების ამუშავება და გაჩერება, ფაქტობრივად, მყისიერად შეიძლება, კომუნალური მომსახურების კომპანიას თავისუფლებას აძლევს, ენერგიის პროცესში ისეთი არარეგულარული წყაროები ჩართონ, როგორებიცაა ქარი და მზე, და ქსელი დაასტაბილურონ.

GE-ს ტექნიკა ტუმბოიანი საცავების გამომყენებელი სადგურების დაახლოებით 40%-ს ამარაგებს. კომპანია ახლა ერთიანად 6000-მეგავატიან პროექტებს ამუშავებს მსოფლიოში, მათგან ნახევარს − ცვალებადსიჩქარიანი ტექნიკით. ისეთივე ტექნიკა, როგორიც ლინთალშია დამონტაჟებული, ამუშავებს ნან დე დრანსისა (შვეიცარია) და ტეჰრის (ინდოეთი) ჰიდროელექტროსადგურებს. ფრანსუა ამბობს: „წყალი მოქნილია, მისი შენახვაც შეიძლება და, თუკი სწორ ტექნოლოგიას გამოვიყენებთ, ერთ-ერთ უძლიერეს საშუალებად იქცევა, რომ ელექტროქსელს მეტი განახლებადი ენერგია მივაწოდოთ“.


Comments


bottom of page