5 მიზეზი, თუ რატომ არის მზის ენერგიის გამოყენება საუკეთესო გადაწყვეტილება



დედამიწისა და დედამიწელებისთვის მზეს იმაზე მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ამას ჩვენ ვაცნობიერებთ. მზიან დღეებში კარგი განწყობის ქონის, პიკნიკის მოწყობისა და D ვიტამინით ავსების გარდა, ჩვენთვის იგი უდიდესი და ალბათ უძველესი ენერგორესურსიცაა. ამდენად, მიუხედავად ფორმალურად წოდებული ალტერნატიული საშუალებისა, მზის სარგებლის გამოყენება უკვე საუკუნეებია, ადამიანების ტრადიციაა სხვადასხვა ქვეყანაში.

თუმცა, თანამედროვე სამყაროში თანამედროვე შესაძლებლობები არსებობს. მზის ენერგიას წარმატებით იყენებს უამრავი ადამიანი და ბიზნესი, მაგრამ ამგვარი საშუალებები ბევრს მაინც ხელმიუწვდომლად, "ძვირიან სიამოვნებად" ან არამომგებიანად მიაჩნია.

სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 სარგებელს, რომელიც მზის ენერგოპანელებით სარგებლობას მოაქვს, როგორც ინდივიდუალური მომხმარებლისა ან ბიზნესისთვის, ასევე გარემოსთვის.

1. ეკოლოგიური თვალსაზრისით საუკეთესო გადაწყვეტილებაა

ფოტო: Manny Becerra / Unsplash

ეს ფაქტორი იმდენად ერთმნიშვნელოვანია და აშკარა, რომ გამოტოვებაც თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა, მაინც სჯობს, თავიდანვე აღვნიშნოთ მზის ენერგოპანელების მოტანილი სარგებელი გარემოსა და მდგრადი განვითარებისათვის; ამისათვის კი ცოტაოდენი სტატისტიკა მოვიშველიოთ.

არათუ ბიზნესი, არამედ ტიპური ოჯახიც კი გარემოს ყოველწლიურად 20 ტონა ნახშირბადით აბინძურებს. მეტიც — ტრადიციული საშუალებების გამოყენებას ერთ-ერთი უდიდესი წვლილი შეაქვს ატმოსფეროს სათბურის აირებით დაბინძურებაში. ამის საპირწონედ, მზის ენერგოპანელები არანაირ რესურსს არ მოიხმარენ — რა თქმა უნდა, გარდა მზის სინათლის და სუფთა წყლისა. საბოლოო ჯამში კი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილება ბუნებისთვის დრამატულად მნიშვნელოვანია — ჩვეულებრივ საცხოვრებელ ბინაში მზის ენერგოპანელების დამონტაჟება 3-4 ტონა ნახშირბადის ემისიას ამცირებს, რაც ყოველწლიურად 150 ხის დარგვას უტოლდება.

2. მუდმივი, განახლებადი და მზარდია

ფოტო: American Public Power Association / Unsplash

იცოდით, რომ ყოველწუთიერად დედამიწაზე მზის ენერგიის სახით 174 ათასი ტერავატი ეცემა, ღრუბლიან დღეებშიც კი? უფრო თვალსაჩინო რომ იყოს მზის რესურსის განსაზღვრა, იმასაც გეტყვით, რომ მხოლოდ 1 საათის განმავლობაში დედამიწაზე მიღებული მზის ენერგია მთელი პლანეტის მოსახლეობას ეყოფოდა მომდევნო ერთი წელი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მზის ენერგიის მოხმარების ტენდენცია წლიდან წლამდე მზარდია.

"სოლარული ენერგიის მოხმარება, რასაკვირველია, გაიზარდა გასულ ათწლეულში; 2019 წელს, მაგალითად დიდი ზრდა, დაახლოებით, 22 პროცენტი გვქონდა", — ამბობს მზის ენერგოპანელების მწარმოებელი კომპანიის, AE Solar-ის წარმომადგენელი, ლელა კურტანიძე, — "2020 წელს, პანდემიის პერიოდში, ბევრი ფაქტორის, მათ შორის გართულებული კომუნიკაციის გამო, ცვლილებები მცირე იყო. ადაპტაციას ადვილად გავდივართ შექმნილ პირობებთან ხოლმე და ამიტომ 2020 წლის მეორე ნახევარში ტენდენცია უკვე მზარდი იყო. ამის მიუხედავად, ერთი წლით ადრე გაწერილი ყველა მიზნის მიღწევა, ცხადია, ვერ შევძელით".

კურტანიძე ასევე დასძენს, რომ განსხვავებით ბევრი სხვა განახლებადი ენერგიის წყაროსგან, მზის ენერგოპანელებს, სადაც უნდა იყოს იგი — სახურავზე ან გაშლილ მინდორში — გარემოსა და მოსახლეობისთვის ზიანი არ მოაქვს.

"თუმცა, ის ენერგია, რომელიც ნავთობის ან ქვანახშირის გამოყენებით მიიღება, უფრო დიდი რაოდენობითაა, ვიდრე სოლარული გზით, რადგან სოლარული დანადგარები განვითარების პროცესშია და მარგი ქმედების კოეფიციენტი განსხვავდება", — აღნიშნავს ლელა, — "ჯერ კიდევ ოცი წლის წინ სოლარული ენერგიის მოპოვების მარგი ქმედების კოეფიციენტი 6-9 პროცენტამდე იყო, დღეს იგი გაზრდილია 22 პროცენტამდე".

ამ მხრივ გამოწვევაზე საუბრობს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილიც. მისი თქმით, საქართველოში მზის ენერგიის გენერაცია 1 500 საათია, რაც, ჯერჯერობით, ჩამორჩება ალტერნატივებს, ამიტომ, ტენდენციის მზარდობის მიუხედავად, კონკურენციის გაწევა რთულია.

მიუხედავად ამისა, კურტანიძის თქმით, რაც უფრო გაიზრდება და განვითარდება სფერო, ელექტროენერგიის მისაღებად მით ნაკლები მზის პანელი იქნება საჭირო.

ამასთან, მნიშვნელოვანია ტექნიკური ნაწილიც. აბრამიშვილის განცხადებით, გასათვალისწინებელი ფაქტორია ცვალებადობა.

"მზე, დღის განმავლობაში სხვადასხვაგვარად ანათებს, შემდეგ ღამდება და, მიუხედავად იმისა, რომ მოხმარების ცვლილების გამო მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ცვალებადობა ახასიათებს. კიდევ უფრო ცვალებადია ქარის ენერგია. აქედან გამომდინარე, მზეს და ქარს დამაბალანსებელი რესურსი სჭირდება. ეს რესურსი მყისიერი რეაგირების შედეგი უნდა იყოს, რაც ორია — თბოსადგური, რაც ჩვენ არ გვაქვს, ან მააკუმულირებელი სადგურები. ამ უკანასკნელს რეზერვუარებით აქვს ენერგიის წყლის სახით შენახვის საშუალება", — დასძენს გიორგი.

კიდევ ერთი ტექნიკური საკითხი, რომელსაც აბრამიშვილი ეხება, ტერიტორიაა, რადგან მზის ელექტროპანელებს "თითქმის 5-6-ჯერ მეტი ფართობი სჭირდება". ამიტომ, გიორგი აღნიშნავს, რომ "ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველა განახლებადი რესურსი ავითვისოთ, რადგან ტექნიკურად სამი ერთიმეორის გარეშე ვერ იარსებებს".

"შესაძლოა, მზის ენერგოპანელები, ერთი მხრივ, დიდ ტერიტორიას იკავებენ, თუმცა, გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით ალტერნატივებზე უმჯობესია; ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები; აქედან გამომდინარე, ის მითი, რომ ერთმა შეიძლება მეორე ჩაანაცვლოს, სამწუხაროდ, მცდარია. მთავარია, ბაზარი სწორად შევისწავლოთ და გონივრულად ავითვისოთ განახლებადი რესურსები".

რომ შევაჯამოთ, მზის ენერგიის გამოყენება მზარდია, განახლებადი და მომგებიანი ბევრი მიმართულებით, თუმცა, ფინანსურ საკითხებს უფრო დეტალურად შემდეგ პუნქტში შევეხებით.

3. გაწეული ხარჯები სულაც არ არის დიდი

ფოტო: Science in HD / Unsplash

როგორც ეს შესავალშიც ვახსენეთ, ბევრს მიაჩნია, რომ ენერგოპანელების გამოყენება მათთვის ხელმიუწვდომელია და დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. რეალურად, ასე არ არის — მხოლოდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, 1977 წლიდან მოყოლებული, მზის ენერგოპანელების ღირებულება თითქმის 99 პროცენტით გაიაფდა. ამასთან, არსებობენ კომპანიები, რომლებიც მსურველებს გეგმის განხორციელებაში ხელს უწყობენ.

ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ბანკია, რომელმაც 2021 წლიდან უპრეცედენტო ეკომეგობრული პროექტი — ენერგოკრედიტი — წამოიწყო. ენერგოკრედიტი იმ ბიზნესებზეა გათვლილი, რომლებიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ. კრედიტის საშუალებით მათ შეუძლიათ შეიძინონ და დაამონტაჟონ მზის ენერგოპანელები, შემდეგ კი ეტაპობრივად გადაიხადონ დანახარჯი, რასაც, როგორც ბანკში აცხადებენ, საშუალოდ, 5-6 წელი დასჭირდება.

"ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი, მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო", — აცხადებენ საქართველოს ბანკში, — "ამ ინოვაციური პროდუქტის დანერგვის პროცესში, ბანკის პარტნიორები ის წამყვანი კომპანიები არიან, რომლებიც ამ სფეროში უკვე მრავალი წელია მოღვაწეობენ. მათი დახმარებით, 500 კილოვატამდე სიმძლავრის დახვეწილი პანელების დამონტაჟება უმოკლეს დროშია შესაძლებელი. შესაბამისად, მომხმარებელი შეძლებს მაღალი ხარისხის სისტემის გამართვას პროფესიონალების დახმარებით, რომლებიც დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან. შედეგად, ბიზნესი საწყისი ინვესტიციის დაფარვის შემდეგაც, 20 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს".

4. გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანია

ფოტო: Science in HD / Unsplas

რადგან დანახარჯს შევეხეთ, ისიც აღვნიშნოთ, კონკრეტულად რა უპირატესობები აქვს ფინანსური კუთხით მზის ენერგოპანელების გამოყენებას; მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმე ჭარბი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარებას ეხება.

აქ სტატისტიკას ვერ მოგახსენებთ, რადგან იგი დამოკიდებულია თქვენს ხარჯებზე; თუმცა, როცა ამ ხარჯებს შეაფასებთ — რამდენს იხდით, თუნდაც, ყოველწლიურად ელექტროენერგიის მოხმარებისთვის, ფინანსური უპირატესობები მეტად შესამჩნევი გახდება. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ფაქტობრივად, განულდება, რადგან ენერგიას თავად აწარმოებთ და არ ყიდულობთ.

"კერძო კომპანიამ საქართველოში ელექტროენერგია რომ გამოიყენოს, საბაზრო ტარიფი მისთვის უფრო მაღალია", — ამბობს ლელა კურტანიძე, — "თუ ეს კომპანია მოიხმარს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას, თუმცა, მას აქვს საშუალება, რომ მზის ენერგოპანელი დაამონტაჟოს, მაგალითად, სახურავზე, იგი გაწეული ხარჯის დაბრუნებას 5-6 წელიწადში შეძლებს. "ამასთან, ჩვენი პანელები, მაგალითად, პროდუქტის 12-წლიანი და მუშაობის 30 წლიანი გარანტიით იყიდება, შესაბამისად, 6 წლის გასვლის შემდეგ არის უკვე მოგება, რადგან კომპანია მოხმარებულ ელექტროენერგიაში ფულს არ იხდის".

საბოლოო ჯამში, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ, უბრალოდ, ინვესტირებას კი არ ახორციელებთ, არამედ ხარჯებს მიმართავთ სწორი მიმართულებით — ის თანხა, რაც წლების განმავლობაში უნდა გადაგეხადათ ელექტროენერგიისთვის, შეგიძლიათ, სესხის დასაფარად გამოიყენოთ.

5. ხდებით დამოუკიდებელი და ძლიერი

ფოტო: American Public Power Association / Unsplash

დამოუკიდებლობას სწორედ ხარჯების შემცირება განსაზღვრავს. მზის ენერგოპანელებით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ არა მხოლოდ აღარ მოგიწევთ ელექტროენერგიაში თანხის გადახდა, არამედ აღარც ადგილობრივ ენერგობაზარსა და ფასების ცვლილებაზე იქნებით დამოკიდებული.

ამასთან, ამცირებთ დანაკარგებსაც: ერთი მხრივ, ტრადიციული გზით მიღებული ენერგიის ტრანსპორტირებით მიღებულს, მეორე მხრივ კი, თუკი ბუნებრივი კატასტროფისას ან სხვა შემთხვევისას მზის ენერგოპანელები დაზიანდება, მათი აღდგენა ყველაზე მარტივია.

ბონუსი: ცვლილებები სასიკეთოდ აისახება თქვენი კომპანიის რეპუტაციაზეც

მწვანე პოლიტიკის გატარება შეუძლიათ არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს, არამედ კერძო კომპანიებსაც. თუკი თქვენი კომპანია მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ეკომეგობრული ალტერნატივების გამოყენებით ეცდება, ეს მას გარემოს ქომაგის რეპუტაციას მიანიჭებს, რაც სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილიცაა და სასიკეთოდ ისახება კომპანიის რეპუტაციაზეც.