GREDA-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში ასოციაცია და ტექნიკური უნივერსიტეტი ისეთ საკითხებში ითანამშრომლებენ, როგორებიცაა ენერგეტიკის დარგში მომზადება-გადამზადების პროფესიული კურსები, ენერგეტიკის სექტორში ქალთა ჩართულობის გაზრდა და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
„ენერგეტიკის დარგში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა GREDA-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ჩვენი მხრიდან უკვე არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა:
ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან თანამშრომლობით, შეიქმნა და წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული მომზადების კურსი „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი“;
პროფესიული უნარების სააგენტოს ხელშეწყობით, ენერგეტიკის სექტორის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (დუო) საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა;
ასევე ვმუშაობთ რამდენიმე პროფესიული კურსის შექმნასა და დანერგვაზე.
"ეს საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე გზაა, ამიტომ პარტნიორებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელმაც სულ ახლახანს დაარსებიდან 100 წლისთავი აღნიშნა, ამ გზაზე ჩვენი ერთ-ერთი სანდო პარტნიორი გახდა“, - განაცხადა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა.
Comments