ენერგორესურსები
ქვეყანაში
ენერგეტიკული რესურსი ეს არის წყარო, რომლის გამოყენებითაც ელექტრო ენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი.
ენერგორესურსების ორი კატეგორია არსებობს - განახლებადი და არაგანახლებადი. თავად სიტყვაშიც იკითხება, რომ განახლებადი ენერგიები, ულევ-ამოუწურავად ითვლება. მისი ყველაზე გავრცელებული სახეებია: ჰიდრო (წყლის), მზისა და ქარის ენერგიები.
არაგანახლებადი, ანუ წიაღისეული ენერგიის წყარო გულისხმობს, გარკვეულ შეზღუდულ მარაგს, ის ამოწურვადია და მისი გამოყენება მხოლოდ ერთჯერადად არის შესაძლებელი. ასეთია: ნავთობი, გაზი, ნახშირი და ა.შ.
საქართველოს გარკვეულწილად ორივე ტიპის რესურსი გააჩნია, თუმცა, გაზისა და ნავთობის სიმცირის გამო, ძირითადად სხვა ქვეყნბის იმპორტზეა დამოკიდებული.
არაგანახლებადი რესურსებიდან, ჩვენს ქვეყანაში ძირითადად დაბალკალორიული ნახშირის მოპოვებაა შესაძლებელი, რომლის მარაგიც 350 მლნ. ტონას შეადგენს. არაგანახლებადი ენერგიების სიმწირის მიუხედავად, საქართველოს საკმაოდ დიდი რაოდენობის განახლებადი ენერგორესურსი გააჩნია. მათ შორის, ყველაზე ნაკლებად მზის, ხოლო შემდეგ შემდეგ ქარის ენერგია სახელდება. ამ დროისთვის, შესწავლილი მზის ენერგიის სრული პოტენციალი, 695 გვტ.სთ-ით, ხოლო ქარის ენერგორესურსი კი 4680 გვტ.სთ-ით არის შეფასებული.
ამჟამად, 2020-2021 წლისთვის (საბალანსო მექანიზმების ამუშავების შემდეგ), საქართველოს ენერგოსისტემაში შესაძლებელია 1167 გვტ.სთ ქარისა და 170 გვტ.სთ მზის სადგურების ინტეგრირება (პოტენციალის 25%);
2030 წლის პროგნოზით კი 4680 გვტ.სთ- ქარის და 695 გვტ.სთ მზის სადგურების ინტეგრირება იქნება შესაძლებელი, რაც პოტენციალის 100%-ით ათვისებას ნიშნავს.
რაც შეეხება საქართველოს ჰიდრო ენერგიის რესურსს, ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად მდიდარია.
საქართველოში დაახლოებით 26 000 მდინარეა, საიდანაც, ეროვნული ტყე-პარკებისა და დაცული ტერიტორიების არეალში მოხვედრილი პროექტების გამოკლებით, ტექნიკურ-ეკონომიკურად სასარგებლო ენერგეტიკული პოტენციალი დაახლოებით 300 მდინარეს აქვს. მათი წლიური გამომუშავების რესურსი 40 000 გვტ.სთ-ია.
სამივე ტიპის ენერგია მსოფლიოში აღიარებულია, როგორც მწვანე, ანუ გარემოსა და ბუნებისთვის ყველაზე უსაფრთხო.
საქართველოს ბუნებრივი მონაცემებიდან ჩანს, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი ენერგორესურსი სწორედ ჰიდრო რესურსია.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ქარისა და მზის ენერგიებთან შედარებით, ჰიდრო ენერგიის გამომუშავება ნაკლები ტერიტორიების მოცვას და ინვესტიციებს საჭიროებს. ამასთანავე, მისი ექსპლუატაციის ვადა გაცილებით მეტ ხანს გრძელდება.