საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) 21 ოქტომბერს ენერგეტიკაში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი ინიციატივა - „ქალები ენერგეტიკაში“ წარადგინა.
ღონისძიება აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ქალთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფას სხვადასხვა პროექტების მეშვეობით, რომლებიც მიმართული იქნება სკოლის მოსწავლე გოგონებში ენერგეტიკის დარგის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, პროფილური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მხარდაჭერასა და ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალთა შორის მჭიდრო კავშირების დამყარებაზე.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც ენერგეტიკის დარგში მოღვაწე, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელმა 50-მდე ქალმა მიიღო მონაწილეობა. დისკუსიის მონაწილეებმა დარგში არსებულ გამოწვევებსა და ინიციატივის „ქალები ენერგეტიკაში“ ფარგლებში გადასადგმელ მომდევნო ნაბიჯებზე იმსჯელეს.