GREDA-ს წევრთა შეხვედრა
1 ოქტომბერს, GREDA-მ ასოციაციის წევრებისთვის მორიგი შეხვედრა გამართა, რომელიც ფოკუსირებული იყო ინდუსტრიის წინაშე არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, სიახლეების გაზიარებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივებზე.
ღონისძიებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ომარ წერეთელმა GREDA-ს წევრ კომპანიებს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის პრეზენტაცია წარუდგინა და სიღრმისეულად მიმოიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ენერგეტიკის განვითარების ხედვებსა და შესაბამის ღონისძიებებს.
ასევე, შეხვედრაზე გარემოსდაცვითმა საკონსულტაციო კომპანიამ Green Steps დამსწრე საზოგადოებას სერვისების ფართო სპექტრი გააცნო, რაც გულისხმობს ბიზნესის ინტერესებისა და ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით, საჭირო კვლევებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას.
კომპანიამ Vynity წარადგინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მონაცემთა ანალიტიკის პლატფორმა, რომელიც შექმნილია ენერგიის გენერირების პროგნოზირებისთვის, რაც ხელს შეუწყობს კომპანიებს ოპტიმალური გადაწყვეტილებების დაგეგმვაში.
მსგავსი სახის შეხვედრები სექტორის დაინტერესებულ მხარეებს შორის, ხელს უწყობს ერთობლივ ძალისხმევას საერთო გამოწვევების გადასაჭრელად, ერთიანი სტრატეგიული მიზნების დასახვასა და მდგრადი განვითარების ერთიანი მიდგომის ხელშეწყობას.