
საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი 2025
6-7 ნოემბერს, ექსპოჯორჯიაში, საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი - GEEF 2025 გაიმართა.
ენერგეტიკის ფორუმი ოფიციალურად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარგალიტა არაბიძემ გახსნა , რომელმაც აღნიშნა, რომ ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია მწვანე ენერგეტიკული რესურსების ათვისების ხელშეწყობა, რაც ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გააძლიერებს.
ფორუმის მსვლელობისას განიხილეს განახლებადი ენერგიის რეგულირების საკითხები, მწვანე დაფინანსებისა და ინვესტიციების შესაძლებლობები, მზის ენერგიის მზარდი როლი, ჰიდრო და ქარის სექტორის სტრატეგიული მნიშვნელობა, ასევე ახალი მიმართულება — მწვანე წყალბადი. დისკუსიებში აქტიურად ჩაერთნენ სახელმწიფო უწყებები, ენერგეტიკული კომპანიები, სექტორული ასოციაციები და საერთაშორისო პარტნიორები, რომლებმაც რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით გააზიარეს ხედვები სფეროს ტექნოლოგიურ პროგრესზე, სექტორის გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე.
GEEF 2025 კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ენერგეტიკის სექტორის დინამიკას საქართველოში და აძლიერებს დიალოგს სახელმწიფოს, ბიზნესისა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. ფორუმი გახდა სივრცე, სადაც ჩამოყალიბდა ახალი ინიციატივები, დამუშავდა ერთობლივი სამოქმედო ხედვები და ხაზი გაესვა კერძო სექტორის, ინოვაციების და მწვანე ენერგეტიკული გარდაქმნის მნიშვნელობას ქვეყნის მომავალი ენერგეტიკული სისტემისთვის.


























