"ნამახვანჰესის” საკითხი ვერც ქუჩაში გაირჩევა და ვერც - სატელევიზიო ეთერებში



საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ნამახვანჰესთან დაკავშირებულ პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქუჩაში გასარჩევი კი არა, აკადემიურ გარემოში გადასაწყვეტი საკითხია.


მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.


„საქართველოსთვის მსგავსი პრიორიტეტული საკითხები ვერც ქუჩაში და ვერც ეთერში გადაწყდება; მას სჭირდება რაციონალურ და აკადემიურ გარემოში გარჩევა. საუბარია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხო მომავალზე.


ის, რომ „ნამახვანჰესი“ ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია, ამის დასაბუთებისთვის მზად ვართ. ჩვენი კარი ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა. გამოვთქვამთ მზაობას, გავმართოთ დიალოგი, პასუხი გავცეთ ყველა კითხვას და ვიმსჯელოთ, თუმცა მეორე მხრიდან ჩვენამდე არავინ მოდის. ჩვენ, კვლევების გასაჯაროებაც მოვახდინეთ, მაგრამ დაინტერესებული მხარეებიდან არავინ მოსულა. მე მაქვს კითხვები, რატომ არ მოდიან დაინტერესებული პირები ჩვენთან სასაუბროდ?! რატომ მივდივართ საბოლოოდ იქამადე, რომ პროტესტმა გადაინაცვლოს ქუჩაში და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის პარალელურად, გვქონდეს პროტესტი, თუ როგორ უფრო მეტად გავხდეთ დამოკიდებული რუსეთზე.


საბოლოო ჯამში, მიმდინარე პროცესები იმის თქმის საბაბს მაძლევს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული, დეზინფორმაციული ომი აქტიურად მიმდინარეობს, რათა ჩვენ ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობაში ხელი შეეშალოს და ჩრდილოელ მეზობელზე მუდმივად ვიყოთ დამოკიდებული“, - განაცხადა "დღის კურიერში" გიორგი აბრამიშვილმა.