top of page

რატომ ვერ იქნება მზისა და ქარის ენერგია ჰიდროენერგეტიკის ალტერნატივა



ბოლო დროს, აქტიურად ჟღერდება მოსაზრება, რომ საქართველოში ჰიდრო რესურსის ათვისება შესაძლებელია ქარისა და მზის რესურსის ათვისებით ჩანაცვლდეს. არატრადიციულ ენერგიის წყაროებში ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ ქარის, მზისა და ბიომასის ენერგიებს. სახელი - არატრადიციული - მომდინარეობს იქიდან, რომ ეს ენერგიები ტრადიციულ ენერგიის წყაროებთან შედარებით, როგორიცაა ჰიდრო, გაზისა და ატომურ ენერგიები, ნაკლები დროა, რაც ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის გამოიყენება და შესაბამისად, ნაკლებად შესწავლილი და დახვეწილია. ამ ენერგიებიდან ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიები, განახლებად, ანუ მწვანე ენერგიად მიიჩნევა. განახლებადი ენერგია ნიშნავს, რომ ელ.ენერგია იმ ბუნებრივი და განახლებადი რესურსების გამოყენებით მიიღება, რომლებიც ამოუწურავად ითვლება. ასეთი რესურსის განახლება არ არის დამოკიდებული იმაზე, იყენებენ თუ არა მას, ან აღდგება უფრო სწრაფად, ვიდრე გამოიყენება, იქნება ეს რესურსი წყალი, მზე, ქარი თუ სხვა; ამ ენერგიების ერთმანეთთან შედარების დროს, აუცილებელია განვიხილოთ ის რიგი მიზეზები, რის გამოც ჰიდრორესურსის ქარისა და მზის რესურსებით ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელია. მთავარ პრობლემას ქარისა და მზის სადგურებში ვაწყდებით იქ, რომ ეს სადგურები სეზონური და საათობრივი გამომუშავებით გამოირჩევა, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ პერიოდებში ისინი ელექტროენერგიას ფიზიკურად ვერ გამოიმუშავებენ. ამ დროს, მათ მიერ შექმნილი დეფეციტის დასაბალანსებლად, საჭიროა საბალანსო, რეგულირებადი, ანუ საჭიროებისამებრ მართვადი ელექტროსადგურის ქონა, რათა მომხარებელს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდოს. რეგულირებად, მართვად სადგურს შეუძლია ელექტროენერგია ნებისმიერ საჭირო დროს გამოიმუშაოს. ასეთი სადგურების ყველაზე გავრცელებული სახეებია: ატომური, თბო და წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურები. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ატომური სადგური არ გვაქვს, ჰიდრო ენერგია თბურ ენერგიას უნდა შევადაროთ. იმასთან ერთად, რომ თბური ენერგია ბუნებისთვის გაცილებით საზიანოა ვიდრე ჰიდრო, საქართველოს თბოელექტრო სადგურებს არ აქვს მყისიერი, ანუ მომენტალური ჩართვის უნარი. ეს ნიშნავს, რომ რა მომენტშიც მზისა თუ ქარის სადგური გაითიშება, თბურმა სადგურმა შესაძლოა ჩართვა ვერ მოასწროს და ამის გამო ელექტროენერგიის გამომუშავება დააგვიანდეს, რამაც მომხმარებლისთვის ელ.ენერგიის მიწოდების შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს. მსგავს პრობლემას არ ვაწყდებით წყალსაცავიანი ჰიდროელექტრო სადგურის შემთხვევაში, რადგან მას ელექტროენერგიის გამომუშავება მომენტალურად, საჭიროების დადგომისთანავე შეუძლია. ამ მიზეზის გამო, საქართველოში, ქარის და მზის ელექტროსადგურების ელექტროსისტემაში ინტეგრირებისთვის, ანუ გადამცემ ხაზებში გაერთიანებისთვის ყველაზე ოპტიმალური, სწორედ ჰიდრორესურსის ათვისებაა. ამასთან ერთად ჰიდრორესურსის ათვისებას ყველაზე ოპტიმალურს ისიც ხდის, რომ ჰიდროენერგია, ერთადერთი რესურსია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დიდი რაოდენობით გააჩნია. საქართველოში არ არის საკმარისი რაოდენობის გაზი, შესაბამისად, თუ ქარისა და მზის სადგურების დასაბალანსებლად თბოელექტროსადგური ავაშენებთ, ეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულებას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. მეტი თვალსაჩინოებისთვის, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ გერმანია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, 2021 წლის 27 მაისს, ნორვეგიასთან დამაკავშრებელი „NordLink“-ის წყალქვეშა კაბელი, 5 წლიანი მშენებლობის შემდეგ, საბოლოოდ გახსნილად გამოაცხადა. გერმანიის ნორვეგიის სისტემასთან დაკავშირება მიზნად სწორედ გერმანიაში ქარის სადგურების გამომუშავების დაბალანსებასა და სისტემაში ინტეგრირებას ისახავდა. წყალქვეშა კაბელი გერმანიას ყველაზე დიდ ნორვეგიულ ჰიდროელექტროსადგურთან ტონსტადთან დააკავშირებს, რათა გერმანიის მოქალაქეებს უქარო ამინდში ელექტროენერგიით მომარაგება არ შეუწყდეთ. ამ თემაზე, ხშირად მოყავთ ჰოლანდიის მაგალითი: ჰოლანდია მსოფლიოში ცნობილია, როგორც არატრადიციული, განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშემწყობი ქვეყანა. ეს კი, რიგი მიზეზებით არის გამოწვეული. 2020 წლის მონაცემებით ჰოლანდიის ენერგომოხმარების 60% ბუნებრივ გაზზე, 16.5% ნახშირზე, 4%-მდე კი ატომურ ენერგიაზე მოდის. არაგანხლებადი ენერგიების სიჭარბე და ჰიდროენერგიის არქონა გამოწვეულია იმით, რომ ჰოლანდია თავისი ვაკე რელიეფის გამო მდინარის წყალს დაწნევას, ანუ დაქანებას ვერ აძლევს და შესაბამისად განახლებად ჰიდრორესურსს ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ვერ ითვისებს. ამის გამო ჰოლანდიას ელ.ენერგიის წარმოება თბური ენერგიის გამოყენებით უწევს. ასევე, ჰოლანდიაში ატომური ელექტრო სადგურიც ოპერირებს. ქვეყნის ენერგომოხმარების 80%-ზე მეტი რეგულირებად სადგურებზე მოდის, ეს ქარისა და მზის ენერგიების სისტემაში ინტეგრირების საშუალებას იძლევა. ამგვარად, მათ შეძლეს ქვეყნის ენერგომხმარების 9.5% ქარის, ხოლო 4.3% მზის ენერგიით დაეკმაყოფილებინათ. ამ ყველა მიზეზთან ერთად, ქარისა და მზის სადგურებსს ერთიდაიმავე რაოდენობის ელექტროენერგიის მისაღებად ჰიდროსადგურზე გაცილებით მეტი ტერიტორია სჭირდება. მაგალითისთვის ავიღოთ ნამახვანჰესის წლიური გამომშავება, რომელიც 1.5 მლრდ კვტ.სთ-ია. ამ რაოდენობის ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ჰესს 800 ჰა ტერიტორია სჭირდება, მზეს - 2300 ჰა, ქარს კი 10 000 ჰა, ამასთან ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰესის ტერიტორიის დიდი ნაწილი მდინარის კალაპოტს მოიცავს, რომელსაც ვერანაირი სხვა მიზნით ვერ გამოვიყენებდით, ხოლო მზისა და ქარის სადგურებისთვის ხშირად საუკეთესო სახნავ-სათეს მიწას იყენებენ. ტერიტორიის მასშტაბებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქარისა და მზის მსგავსი სადგურების აშენება გაცილებით ძვირი სიამოვნებაა, ვიდრე ჰიდრო სადგურის. 1.5 მლრდ კვტ.სთ წლიური გამომუშავების მიღება მზის ენერგიით - 1.7 მლრდ. აშშ დოლარი, ხოლო ქარის ენერგიით - 1.3 მლრდ აშშ დოლარი დაჯდებოდა, როცა ასეთი ჰესის აშენების ინვესტიცია სულ 800 მლნ აშშ დოლარია. საქართველოში არატრადიციული, განახლებადი, ბუნებისთვის სუფთა და უსაფრთხო ქარისა და მზის ენერგიების ათვისება აუცილებელია, თუმცა მათ არასტაბილურ გამომუშავებას ისევ იმ პრობლემასთან მივყავართ, რომ ქვეყანას საბაზისო, ანუ საყრდენი ელექტროსადგური გადაუდებლად სჭირდება. ასეთი, წლების წინ, ენგურჰესი იყო, თუმცა საქართველოს მზარდ ენერგომოხმარებასთან ერთად, მხოლოდ ენგურჰესი ამ დატვირთვას ვეღარ აკმაყოფილებს, რადგან ის შეუჩერებლად, სრულ დატვირთვაზე ოპერირებს. სრულ დატვირთვაზე მუშაობა კი, სადგურს წყალსაცავში წყლის დაგროვების საშუალებას არ აძლევს. წყალსაცავიანი, რეგულირებადი ჰიდრო სადგურების აშენებით საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა აითვისოს ქარისა და მზის რესურსები და ასევე შეამციროს და აღმოფხვრას მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების მაჩვენებელი. ქვეყნის სტაბილური და შეუფერხებელი წინსვლა კი სწორედ ენერგოდამოუკიდებლობასა და ენეგროუსაფრთხოებაზე გადის.


Comentarios


bottom of page