საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) 21 ოქტომბერს ენერგეტიკაში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი ინიციატივა - „ქალები ენერგეტიკაში“ წარადგინა.
ღონისძიება აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ქალთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფას სხვადასხვა პროექტების მეშვეობით, რომლებიც მიმართული იქნება სკოლის მოსწავლე გოგონებში ენერგეტიკის დარგის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, პროფილური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მხარდაჭერასა და ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალთა შორის მჭიდრო კავშირების დამყარებაზე.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც ენერგეტიკის დარგში მოღვაწე, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელმა 50-მდე ქალმა მიიღო მონაწილეობა. დისკუსიის მონაწილეებმა დარგში არსებულ გამოწვევებსა და ინიციატივის „ქალები ენერგეტიკაში“ ფარგლებში გადასადგმელ მომდევნო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
„საქსტატის მონაცემებით, დღეს საქართველოს ენერგეტიკაში ქალთა რაოდენობა დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 17% შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დარგი გლობალურადაც მეტ მამაკაცს ასაქმებს, ვიდრე ქალს, ჩვენი ქვეყნის სტატისტიკა ამ კუთხით გლობალურზე ბევრად დაბალია. ამ მოცემულობას შესაძლებელია, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდეს: აბიტურიენტებში დარგის შესახებ დაბალი ინფორმირებულობა, გარკვეული სტერეოტიპები საზოგადოებაში თუ სხვა. ჩვენი ახალი ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით როგორც სკოლის მოსწავლე გოგოებთან და დარგთან დაკავშირებული სპეციალობის მქონე სტუდენტებთან, ასევე ენერგეტიკაში მომუშავე ქალებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს დარგში ქალთა მეტი ჩართულობა“, - აღნიშნა ასოციაციის დირექტორის მოადგილემ ირინა პეტრიაშვილმა.
Comments