top of page

“ელექტროენერგიის 70% იმპორტირებულია, განახლებადი ენერგორესურსების ათვისება მნიშვნელოვანია”



ქვეყანაში გუშინ ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის საკითხს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში აფასებენ. გაერთიანებაში საკუთარი წარმოების ელექტროენერგიის მნიშვნელობაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რამდენად მოწყვლადი შეიძლება იყოს მეზობლებზე დამოკიდებულება.

„ეს არის ზუსტად ის რასაც ვპროგნოზირებდით, რომ 5-10 წელში ჩვენ აღარ გვეყოფა გადამცემი ხაზების სიმძლავრეები იმპორტის განსახორციელებლად. სამწუხაროდ ეს გაცილებით ადრე მოხდა. გაზის მოწოდება შემცირდა მეზობლებისგან, რამაც შეამცირა ჩვენი თბოსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება, შესაბამისად მოიმატა იმპორტმა, რამაც გამოიწვია ავარია. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რამდენად მოწყვლადი შეიძლება იყოს მეზობლებზე დამოკიდებულება და რამდენად კრიტიკულია საკუთარი განახლებადი ენერგორესურსების ათვისება, იმისათვის რომ ჩვენ ქვეყანაში მაცხოვრებელების კეთილდღეობას არ შეექმნას საფრთხე და საქართველო სტაბილურად განვითარდეს. ამ შემთხვევაში ეს იყო ტექნიკური პრობლემა, ხოლო ფასის და ფინანსური რისკების საკითხი კიდევ ცალკე განხილვის საგანია,“ – განმარტავს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი.

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, იმასთვის რომ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მომხდარიყო შესაბის სტრუქტურებს ელექტროენერგიის მოხმარების ხელოვნურად შემცირება მოუხდათ, ერთ-ერთმა მსხვილმა საწარმომ კი მუშაობა შეაჩერა.

„ყველაფერს აქვს თავისი ლიმიტი. ეს ლიმიტები ჩვენს შემთხვევაში თურქეთთან დამაკავშირებელ გადამცემ ხაზებთან მიმართებაში საკმაოდ მაღალია, მაგრამ ამ ლიმიტებსაც უკვე გადავაჭარბეთ. ჩვენ ქვეყანაში ამ დროისთვის ელექტროენერგიის მოხმარების 70%-მდე მოდის იმპორტზე, ჩვენი სისტემა იმის ხარჯზე მუშაობს, რომ ჩვენი მოხმარების ხელოვნურად შემცირება მოხდა”, – განმარტავს გიორგი აბრამიშვილი.

ცნობისთვის ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება გუშინ შეწყდა. სახელმწიფო ელექტროსსტემაში მთავარ მიზეზად საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვას ასახელებენ.

bottom of page