top of page

რატომ არ შეიძლება ჩავანაცვლოთ ჰიდროელექტროსადგურები მზის ან ქარის სადგურებით სრულად



გიორგი აბრამიშვილი განცხადებას აქვეყნებს:

“მინდა საზოგადოებაში გაჩენილ ერთ-ერთ მოსაზრებას გამოვეხმაურო – თუ რატომ არ შეიძლება ჩავანაცვლოდ ჰიდროელექტროსადგურები მზის ან ქარის სადგურებით სრულად, არ ავაშენოთ ჰესები და არ დავტბოროთ ჩვენი ქვეყანა?

პირველი რიგში როგორც ამ ქვეყნის შვილისათვის და მერე როგორც „განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ დირექტორისათვის, რომელიც სამივე დარგის მიმართულების კომპანიებს აერთიანებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებული ყველა ტიპის განახლებადი ენერგიის პოტენციალი სრულად ავითვისოთ.

მაგრამ ქარის და მზის ენერგიაზე დიდი ენერგეტიკული ამოცანების გადაწყვეტის დაკისრება არასწორია და საშიშიც არის. შევეცდები მაქსიმალურად ლაკონურად და გასაგებად ავხსნა საკითხი:

საქმე იმაშია, რომ ქარის და მზის ელექტროსადგურებს ასევე ეძახიან ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროებს, რადგან მზის და ქარის ენერგია მკვეთრად არის დამოკიდებული ამინდზე. ყოველწუთიერად იცვლება ქარის სიჩქარე და მიმართულება, მზის რადიაცია. ასეთი არასტაბილურობა საფრთხეს უქმნის ელექტროსისტემის მდგრდობას და მისი დაბალანსება შესაძლებელია მხოლოდ სიმძლავრის სწრაფად მანევრირების უნარის მქონე ელექტროსადგურებით, ასეთი კი წყალსაცავიანი ჰესებია. დაბალანსება თბოსადგურის მეშვეობითაც შესაძლებელია, მაგრამ ჯერ ერთი, რომ ასეთი თბოსადგურები არ გვაქვს და მეორე, რომც გვქონდეს ისინი იმპორტირებულ გაზზე იმუშავებენ, რაც ჩვენს დამოკიდებულებას მეზობელ ქვეყნებზე კიდევ უფრო გაზრდის. მარტივად რომ ვთქვათ, ქარის და მზის სადგურების გაჩერების შემთხვევაში უნდა მყისიერად ჩაირთოს ჰიდროელექტრო სადგური, რომ არ მოხდეს ელექტრო ენერგიის მიწოდების წყვეტა.

გარდა ამისა ქარის და მზის სადგურებს არ გააჩნიათ „ინერცია“, რომელიც წარმოადგენს ელექტროენერგეტიკული სისტემის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს ავარიებს. ეს უნარი გააჩნიათ მხოლოდ სინქრონულ გენერატორებს, რომლებიც მუშაობენ ჰესებსა და თბოსადგურებზე. ამიტომ ეს არის დამატებითი შემზღუდველი ფაქტორი ქარისა და მზის სადგურების დიდი სიმძლავრეების ინტეგრაციისა.

მზის და ქარის სიმძლავრეების ინტეგრაციისთვის, დამატებით შემზღუდველ ფაქტორს წარმოადგენს გაერთიანებული ელექტროენერგეტიკული ბაზრის არარსებობა, რაც აქვთ ცენტრალურ ევროპაში. სადაც შესაძლოა, რომ მაგალითად ჭარბი ქარის გენერაცია ღამის საათებში როცა მომხარება დაბალია გაიყიდოს დანიიდან პორტუგალიაში. საქართველოსთვის კი გამომდინარე რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარებიდან ასეთი ბაზრის შექმნა არის ძალიან რთული – ოთხიდან სამი ქვეყნის ენერგოსისტემას მიეკუთვნება სხვადასხვა სინქრონულ ზონას, ამასთან, ოთხივე მეზობელ ენერგოსისტემას გააჩნია განსხვავებული ელექტროენერგეტიკული ბაზრები, სხვადასხვა კანონმდებლობა, განსხვავებული დაგეგმვის და ოპერირების სტანდარტები, ასევე ამ ქვეყნების ნაწილს ერთმანეთთან კონფლიქტური ან „არამეგობრული“ ურთიერთობა გააჩნიათ.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ქარისა და მზის ელექტროსადგურების ინტეგრაციის ლიმიტების დასადგენად, გერმანულმი კომანია DIGSILENT-ის დახმარებით (https://www.digsilent.de/en/) ჩაატარდა კვლევა. ამ კლევაში გათვალისწინებული იყო ნამახვანჰესის, ნეკსკრაჰესის, ცხენისწყლის კასკადის და ხუდონჰესის მშენებლობა, ასევე მოხმარების 5%-იანი ზრდა. ამ დაშვებებზე დაყრდნობით კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2030 წელისთვის შესაძლებელია 1300 მგვტ ქარის და 550 მგვტ მზის სადგურების ინტეგრაცია სისტემაში.

ხშირად ხდება ამ თემის არასწორი ინტერპრეტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეიყვანა. ის მოსაზერება რომელიც ამ დღეებში შემხვდა სოც ქსელებში, რომ ჩვენ ქვეყანას შეუძლია დღესვე ააშენოს 1000 მეგავატი ქარის სადგურები და 2000 მეგავატი მზის სადგურები და შევაჩეროთ ჰესების მშენებლობა – მსუბუქად რომ ვთქვათ არის მცდარი.

შესაბამისად ჩვენი ქვეყნის მზისა და ქარის ენერგიის სადგურების განსავითარებლად, უმნიშვნელოვანესია, რომ განვითარდეს წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსაგურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგო სისტემის მდგრადობას და მოქნილობას, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ენერგოდამოუკიდებლობის ამაღლების საწინდარი იქნება.”

bottom of page